|
პარლამენტის წევრი, გიორგი ცაგარეიშვილი წერილით მიმართავს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის შემდეგ მას, გამონაკლისის სახით, დებატებში გამოსვლის ნება დართოს. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ ფრაქციების თავმჯდომარეები გამოდიან.
როგორც გიორგი ცაგარეიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: "თხოვნით მივმართავ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ დაუშვას გამონაკლისი და დამითმოს დრო, რათა პრეზიდენტ სააკაშვილის თანდასწრებით მოვახსენო საზოგადოებას იმ პრობლემების შესახებ, რაც არა მარტო მე, არამედ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს დაუგროვდა".
საკითხი შეეხება მის მიერ მთავრობისა და პრეზიდენტისთვის გაგზავნილ წერილებს, რომელზეც მან პასუხი დღემდე ვერ მიიღო, ასევე საპრეზიდენტო ფონდიდან თანხების ხარჯვის საკითხს და საქარველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ გასული წლის მანიფესტაციების და მიტინგების დროს ჩადენილ დანაშაულებს, რასთან დაკავშირებითაც მან წერილით მიმართა მთავარ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას, რომ აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ რამდენიმე თვის მანძილზე პასუხი ვერ მიიღო.
სწორედ ამ საკითხებზე სასაუბროდ ითხოვს გიორგი ცაგარეიშვილი ხუთწუთიანი სიტყვით გამოსვლას. |