ႻႨႤႡႠ:
geo  eng
     
 
 
 
 
 
ႧႠႥႫႿႣႭႫႠႰႤ » ႧႠႥႫႿႣႭႫႠႰႨႱ ႮႰႤႱႩႭႬႴႤႰႤႬႺႨႤႡႨ/ႨႬႲႤႰႥႨႳႤႡႨ »

  2009-01-29 15:26  
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კომენტარები Print Version

სამწუხაროა, რომ ოპოზიცია ტრადიციულად კვლავ რადიკალურ გზას ადგას. ვფიქრობ, დღეს რადიკალიზმზე მეტად მოსახლეობას სჭირდება ჩვენი თანამშრომლობა ისეთ სასიცოცხლო საკითხებში, როგორიცაა: ეკონომიკური კრიზისის დაძლევა, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, დევნილების უფლებების დაცვა და ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება. ეს არის ის თემები, რომლებზეც საქართველოს პარლამენტი და ხელისუფლება მზად ვართ, ოპოზიციასთან ერთად ვიმუშაოთ, რათა ეკონომიკური გაჭირვება და კრიზისი ჩვენმა მოსახლეობამ ადვილად გადაიტანოს. ოპოზიცია თანამშრომლობის ნაცვლად კვლავ რადიკალურ მოთხოვნებს აყენებს, თუმცა ეს მათი არჩევანია.

 

რეზოლუციის პრინციპულად მნიშვნელოვანი მომენტები: ევროსაბჭომ უკან არ დაიხია და, რუსეთის მხარის აბსოლუტური წინააღმდეგობის მიუხედავად, კიდევ ერთხელ მკაფიოდ ითხოვს, რუსეთმა უარი თქვას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, უკვე სამომავლოდ დადგება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიღების საკითხი. მნიშვნელოვანია, რომ ევროსაბჭო კიდევ ერთხელ სთხოვს რუსეთს ეთნიკური წმენდის შეჩერებას და შეიარაღებული ძალების გაყვანას არა მხოლოდ ახალგორიდან, პერევიდან და კოდორიდან, არამედ პირველად გაჩნდა მოთხოვნა შეიარაღებული ძალების გაყვანისა და დევნილთა დაბრუნებისა ცხინვალის მიმდებარე ტერიტორიაზე (იგულისხმება დიდი ლიახვის ხეობა). ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაშიც რუსეთს ევროსაბჭოში სანქციები დაემუქრება. რეზოლუციაში ასახულია, რომ ქართული მხარე მთლიანად თანამშრომლობს ევროსაბჭოსთან, რუსეთი კი არ ასრულებს მოთხოვნების უმრავლესობას. თუ რუსეთი ამჯერადაც არ შესრულებს მოთხოვნებს, იმედი მაქვს, გაზაფხულის სხდომას მოყვება სანქციების შემოღება. ამის შესახებ გუშინვე გაიმართა დისკუსია.

რეზოლუციაში აღინიშნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის აუცილებლობა. ჩვენ მზად ვართ ამ თემაზე ვიმუშაოთ, მაგრამ არსებობს წითელი ხაზი: არანაირი კომიტეტის შექმნა რაიმე ფორმით არ გამოიწვევს იქ არსებული უკანონო რეჟიმების ლეგიტიმაციას. ეს იყო ქართული მხარის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა, რომელიც მთლიანად გაიზიარა ევროსაბჭომ _ რუსეთის მცდელობის მიუხედავად, დოკუმენტში ვერ ნახავთ ვერც ერთ მინიშნებას, აფხაზეთი ან სამხრეთი ოსეთი რაიმე ფორმით განხილული იყოს დამოუკიდებელ ერთეულად, ყველგან ხაზგასმითაა აღნიშნული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და იქ არსებული რეჟიმების ლეგიტიმაციის მიუღებლობა. ამის გათვალისწინებით ჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი, რათა ადგილზე დაცული იქნეს მოსახლეობის უფლებები.



ვებპორტალის შექმნა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ ვებპორტალი შეიქმნა გაეროს განვითარების პროგრამის მიერ (NCTeam)