|
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი "ზოგადი განათლების შესახებ", "უმაღლესი განათლების შესახებ”, "მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე კანონპროექტები განიხილეს დღეს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, გიორგი ჩახნაშვილის განმარტებით, კანონპროექტები მიზნად ისახავს მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის ლიბერალიზაციას. ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორების დანიშვნის პროცედურების ლიბერალიზაციას და ეფექტურობას.
კომიტეტის წევრებმა "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე იმსჯელეს.
საქართველოს პარლამენტის წევრის, ჩიორა თაქთაქიშვილის განმარტებით, კანონპროექტი შექმნილია ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით. მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების შესაბამისად, კანონპროექტით დაწესებულია გამონაკლისი შემთხვევები ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაადგილებისა და ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვის პირობებში; დაზუსტებულია საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული შეზღუდვები; სამოქალაქო მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესაძლებლობა.
კომიტეტის წევრმა, ხათუნა ოჩიაურმა კომიტეტს მეორე მოსმენით განსახილველად "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე" კანონპროექტი წარუდგინა, რომლის მიზანი საჯარო სკოლებისთვის სახელმწიფოს მიერ გადაცემული ქონების განკარგვის წესის დარეგულირება და გამარტივებაა. ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე სკოლებისთვის სახელმწიფო ქონების გადაცემის შემთხვევაში, მისი განკარგვის უფლება ენიჭება ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროს და არა საქართველოს განათლების სამინისტროს.
კომიტეტის წევრებმა აღნიშნული საკითხების პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას მხარი დაუჭირეს. |