|
პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ ბიუროს წევრებს და საქართველოს მოსახლეობას დავით აღმაშენებლის ხსენების დღე და სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღე მიულოცა. "მინდა საქართველოს მოსახლეობას და განსაკუთრებით ყველა დავითს მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღე მივულოცო. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლებს, სტუდენტებს და მთელ ქართულ საზოგადოებას ასევე ვულოცავ უნივერსიტეტის დაარსების დღეს. ეს მნიშვნელოვანი თარიღია საქართველოს ისტორიაში. უნივერსიტეტი არასოდეს ყოფილა მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულება. ის მნიშვნელოვნად განსაზღვრავდა სახელმწიფოებრიობის ტრადიციას, იყო ჩვენი ეროვნული იდენტობის ნაწილი და ყოველთვის ეკავა სრულიად განსხვავებული ადგილი და ფუნქცია საქართველოს ისტორიაში", – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინაში გუშინ ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს გამოეხმაურა და უკრაინელ ხალხს არჩევნების მშვიდობიან და სტაბილურ გარემოში ჩატარება მიულოცა: "მინდა უკრაინელ ხალხს მივულოცო არჩევნების მშვიდობიან და სტაბილურ გარემოში ჩატარება. არსებული მონაცემებით, საერთაშორისო დამკვირვებლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებებით, არჩევნებმა ჩაიარა დემოკრატიულად და საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდა".
დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ საბოლოო შეფასებისთვის უნდა დაველოდოთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ განცხადებას. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობები გაგრძელდება: "ამ ეტაპზე მინდა იმედი და ღრმა რწმენა გამოვთქვა, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის გაგრძელდება მეგობრული ურთიერთობები, გაგრძელდება სტრატეგიული პარტნიორობა, იმიტომ, რომ ამის საფუძველი არის აბსოლუტურად მყარი – ეს საფუძველი არის ჩვენი საერთო ინტერესები, ტრადიციული მეგობრობა და კეთილმეზობლობა, რომელიც ყოველთვის არსებობდა ჩვენს ხალხებს შორის".
პარლამენტის საგაზაფხულო სესია პლენარულ სხდომების ფორმატში ხვალ გაიხსნება. მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტი პლენარულ სხდომებზე პირველი მოსმენით განიხილავს კანონოპროექტებს, რომლებიც სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციისკენ არის მიმართული. კერძოდ, შემოვა 12–დან 14 წლამდე ასაკის პირების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხების ახლებური რეგულაციები, შეიცვლება სასჯელის შეკრების პრინციპი და არასრულწლოვანების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრასთან დაკავშირებით გარკვეული შეღავათები დაწესდება.
ბიურომ განიხილა და მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ დაიწყოს პარლამენტის წევრების, შალვა ნათელაშვილის, იოსებ შატბერაშვილის, კახა ძაგანიასა და გიორგი გუგავას მიერ წარმოდგენილი კანონპროექტების განხილვის პროცედურა. კანონპროექტები ითვალისწინებენ ცვლილებების შეტანას საგადასახადო კოდექსში, პენსის შესახებ კანონში და საარჩევნო კოდექსში.
მიმდინარე კვირაში პლენარული სხდომები გაიმართება სამშაბათს, 9 თებერვალს და პარასკევს, 12 თებერვალს.  |