1. საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან გახშირებული უკანონო ქმედებები, კერძოდ, ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე რაიონებიდან საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცება და დაპატიმრება, ამ ტერიტორიებზე რუსული სამხედრო ბაზებისა და ობიექტების ინტენსიური მშენებლობა, ოკუპირებულ და დანარჩენ ტერიტორიებს შორის მავთულხლართების ბარიერებისა და კედლის მშენებლობა, ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო ძალების განლაგება, უკანონო სარკინიგზო და საჰაერო მიმოსვლა, საკომუნიკაციო სისტემების კანონსაწინააღმდეგო ამოქმედება, მოსახლეობის მასობრივი ძალდატანებითი პასპორტიზაცია და საქართველოს ტერიტორიული წყლების აფხაზეთის მონაკვეთში რუსული სამხედრო კატარღების შეყვანა არღვევს საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს და ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას.
2. ზემოაღნიშნული ქმედებებით რუსეთის ფედერაცია ცდილობს გააღრმაოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია, დააკანონოს 2008 წლის აგვისტოში საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებული, საერთაშორისოდ აღიარებული ეთნიკური წმენდა და საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესია, ასევე გააძლიეროს საქართველოზე ამ აგრესიის წინა პერიოდის მსგავსი პროპაგანდისტული, სამხედრო და პოლიტიკური ზეწოლა. რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი სერიოზულ საფრთხეს უქმნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილ აფხაზური და ოსური წარმომავლობის საქართველოს მოქალაქეებს. ამასთანავე, რუსეთის მხრიდან მომდინარე გამუდმებული პროვოკაციების ფონზე კონფლიქტების ხელახალი ესკალაცია ემუქრება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოებას.
3. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე. წ. არჩევნების ორგანიზებით რუსეთის ფედერაცია ცდილობს დააკანონოს ეთნიკური წმენდის შედეგები, რომლის შედეგადაც ამ ტერიტორიებიდან განდევნილ იქნა მოსახლეობის 70%-ზე მეტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, მეგობარი ქვეყნების პარლამენტებს და საერთაშორისო ინსტიტუტებს:
ა) გაძლიერდეს რუსეთის ფედერაციაზე პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლა ზემოთ ჩამოთვლილი დესტრუქციული ქმედებების შესაჩერებლად;
ბ) გაგრძელდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების მტკიცე პოლიტიკა;
გ) გაძლიერდეს რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლა მის მიერ ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესასრულებლად, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის მონიტორინგის მისიის დამკვირვებელთა დასაშვებად;
დ) დაიწყოს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე საერთაშორისო საპოლიციო ძალების განლაგებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად და რუსეთის მიერ ჩატარებული ეთნიკური წმენდის შედეგების აღმოსაფხვრელად;
ე) გაგრძელდეს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ჩატარებული ე. წ. არჩევნების უკანონოდ ცნობის პოლიტიკა;
ვ) მოეთხოვოს რუსეთის ფედერაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაწვევა.
თბილისი,
2009 წლის 15 დეკემბერი.